მიოფასციალური სინდრომი ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ზიანდება ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ძვლები, მყესები, იოგები, ხრტილები და შემაერთებელი ქსოვილი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის პრობლემები მოსახლეობის 80% აღენიშნება, მიოფასციალური სინდრომი კი, კუნთების ქრონიკული ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამ სინდრომისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია ზუსტი ლოკალიზაციის მტკივნეულობა, მაგალითად კისრის ან მხრის მიდამოში. მისი აღმოცენება დაკავშირებულია კუნთებში არსებულ ტრიგერულ წერტილებთან, რომლიდანაც, ზეწოლის შემთხვევაში, ტკივილი “გადაეცემა” დაზიანებულ ადგილს.
რა იწვევს მიოფასციალურ სინდრომს?
მიოფასციალური სინდრომის გამომწვევი მიზეზები, ხელშემწყობი ფაქტორები და მექანიზმი, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დადგენილი. თუმცა ძირითადი მდგომარეობებია:
● კუნთების დაზიანება
● კუნთების დაძაბვა/განმეორებითი მოძრაობების ხშირი შესრულება
● კუნთების სისუსტე/ აქტივობის ნაკლებობა
● დაბალი ტემპერატურა ( ცივ გარემოში ცხოვრება ან მუშაობა)
● სტრესი (შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დაძაბულობა)
● მეტაბოლური ან ჰორმონალური დარღვევები ( როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან დიაბეტთან დაკავშირებული ნეიროპათია)
● ავიტამინოზი
● ქრონიკული ინფექციები
მიოფასციალური სინდრომის მკურნალობა
მიოფასციალური სინდრომის მკურნალობა ფოკუსირებულია ტრიგერულ წერტილებზე. მკურნალობა მოიცავს:
● არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და მიორელაქსანტების მიღებას
● დაბალი ინტენსივობის ლაზერული თერაპია, რომლის დროსაც ინფრაწითელი სხივების მეშვეობით ტრიგერული წერტილების დამუშავება
● ტრანსკუტანური ნერვის ელექტრული სტიმულაცია
როგორ ავირიდოთ თავიდან მიოფასციალური სინდრომი?
იქედან გამომდინარე რომ, ბოლომდე არ არის დადგენილი ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზები, მისი სრული პრევენცია შეუძლებელია. თუმცა, მდგომარეობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკ-ფაქტორების შემცირებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს მიოფასციალური სინდრომის თავიდან აცილებას:
● რეგულარული ვარჯიში კუნთების გასაძლიერებლად და მოქნილობის გასაუმჯობესებლად
● მთელი დღის განმავლობაში ხშირი გაჭიმვა, პოზის რეგულარულად კონტროლი და ცვლილება
● პოზის გაუმჯობესება ვარჯიშებით ან დამხმარე საშუალებებით
● ექიმთან ვიზიტი და არსებობის შემთხვევაში იმ მდგომარეობების დიაგნოსტირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მიოფასციალური სინდრომის განვითარებას (მაგ: ოსტეოართრიტი, სპონდილიტი, სქოლიოზი)