ნევრიტი, პერიფერიული ნერვული სისტემის გენერალიზებული ანთებაა.
ეს არის ანთებითი პროცესი, რომელსაც ხშირად თან ახლავს დემიელინიზაცია, იწვევს იმპულსის გავრცელების შეფერხებას, შედეგად კი, ნერვული სისტემის ფუნქციის რღვევას.
ნევრიტი ხშირად წარმოდგენილია ნეიროპათიასთან ერთად. ნეიროპათია პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებაა რომელსაც თან ახლავს ერთი ან მეტი ნერვის დაზიანება (სენსორული/მოტორული).
ნევრიტს, რომელიც მხოლოდ ერთ ნერვს აზიანებს, მონონევრიტი ეწოდება.ნერვთა წნულის დაზიანებას- პლექსიტი. ხოლო, თუ ფართოდ განცალკავებული ნერვები ზიანდება, სახეზეა პოლინევრიტი.
ნევრიტის სიმპტომები
სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნერვია დაზიანებული. მაგალითად, სენსორული ნერვების დაზიანება იწვევს:
● ტკივილს
● პარესთეზიებს (სპონტანურად განვითარებული დაბუჟების,ჩხვლეტის ან ა.შ შეგრძნებები)
● ჰიპოესთეზიას
● ანესთეზიას და ა.შ
მოტორული ნერვების დაზიანებისთვის დამახასიათებელია:
● პარეზი
● პარალიზი
● კუნთის განლევა
● ფასციკულაცია და ა.შ
რამ შეიძლება გამოიწვიოს ნევრიტი?
ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
● ინფექციები
ნევრიტი შეიძლება გამოიწვიოს როგორც აქტიურმა ინფექციამ, ასევე პოსტ-ინფექციურმა აუტოიმუნურმა პროცესმა. ინფექციის მიზეზის სწრაფი იდენტიფიცირება, მკურნალობის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია.
ბაქტერიული პროცესები,რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ნევრიტთან არის: ლაიმის დაავადება, დიფტერია და ა.შ . ვირუსული პროცესები: ჰერპეს სიმპლექს ვირუსი,ვარიცელა ზოსტერი, აივ ინფექცია და ა.შ .
● აუტოიმუნური
მრავლობითი სკლეროზი, ოპტიკური ნეირომიელიტი, გილენ-ბარეს სინდრომი, მწვავე მოტორული ნეიროპათია, ატაქსია, მილერ-ფიშერის სინდრომი- ეს მდგომარეობები ასოცირდება აუტოიმუნური პრეცესებით გამოწვეულ ნევრიტთან.
● პარანეოპლასტიური
სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნე, განსაკუთრებით წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო და ჰოჯკინის ლიმფომა, დაკავშირებულია პარანეოპლასტიურ ნევრიტთან.
● მეტაბოლური
მეტაბოლური დარღვევები და ვიტამინების დეფიციტი, განსაკუთრებით კი B ვიტამინის დეფიციტი, შესაძლოა დაკავშიორებული იყოს პერიფერიული ნერვების ანთებით დეგენერაციასთან.
● ტოქსიკური
გარკვეულ მედიკამენტებს შესაძლოა ჰქონდეს პერიფერიულ ნერვებზე ტოქსიკური ეფექტი. ნევრიტების ამ კლასს, იატროგენული ნეიროპათიები ეწოდება და ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ნევრიტი და მისი მკურნალობა
მკურნალობა დამოკიდებულია ნევრიტის გამომწვევ მიზეზებზე. მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება.
ძირითადად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციური და სიმპტომური მკურნალობა.
ნევრიტის სიმპტომური მკურნალობისთვის, ტკივილის კუპირებისთვის, დაზიანებული მონაკვეთის ფუნქციის აღდგენისთვის, ექიმები რეკომენდაციას უწევენ ულტრაბგერითი თერაპიის გამოყენებას.
ნერვის ტრანსკუტანური ელექტრო სტიმულაცია, რაც ელექტროთერაპიის ერთ ერთი სახეობაა, ნევრიტის მკურნალობაში ეფექტურია. ამსუბუქებს ტკივილს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციის ეფექტი.