ტერმინი ტენდინოპათია - მყესის და მის ირგვლივ არსებული ქსოვილის ინტენსიურ ზეწოლასთან და დატვირთვასთან ასოცირებული მდგომარეობების კრებითი სახელია.
მყესი ძლიერი კოლაგენის შემცველი ქსოვილია, რომლის მეშვეობითაც კუნთები და ძვლები ერთმანეთთან კავშირდება. ტენდინოპათიების დროს, მყესში კოლაგენი იშლება, შედეგად მცირდება მოქნილობა და მოძრაობის დიაპაზონი.
საკუთრივ ტენდინოპათია, შეიძლება ნებისმიერი მყესის დაზიანებას მოიცავდეს, თუმცა უფრო ხშირია:
● აქილევსის მყესის დაზიანება
● მუხლის სახსრის შემადგენელი მყესების დაზიანება
● მხრის სახსრის შემადგენელი მყესების დაზიანება
რა იწვევს ტინდინოპათიას?
ტენდინოპათიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ყოველთვის არ არის ნათელი, ის შესაძლოა იყოს მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული. რისკ ფაქტორებს მოიცავს:
● ძლიერი ინტენსივობის ვარჯიში
● ვარჯიშის არასწორი ტექნიკა
● არასათანადო კუნთის ძალა და მოქნილობა და სხვა .
ტენდინოპათია უფრო ხშირია სპორტსმენთა პოპულაციაში , თუმცა, აქილევსის მყესის დაზიანების მქონე ადამიანების 30% და მეტი სულაც არ მისდევს ცხოვრების აქტიურ წესს. ნაკლები ფიზიკური დატვირთვისას მყესის სისხლმომარაგება მცირდება და მის უეცარ ინტენსიურ დატვირთვას თან სდევს ქსოვილის ჰიპოქსია, მეტაბოლიზმის დარღვევა, რაც საბოლოოდ მყესების დაზიანებით სრულდება.
ტენდინოპათია შეიძლება ქრონიკულიც გახდეს, თუ მყესი დაზიანება არის ხშირი და განმეორებითი. ეს შესაძლოა განვითარდეს ისეთი განმეორებითი ინტენსიური ფიზიკური აქტივობებისას როგორიცაა:
● მებაღეობა, ხატვა, ნიჩბოსნობა, კლავიატურაზე ბეჭდვა და ა.შ
ტენდინოპათიის სიმპტომები
ტენდინოპათიისათვის ძირითადად დამახასიათებელია ტკივილი და მგრძნობელობის ცვლილება, თუმცა მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
● წვა
● სახსრის მოძრაობის შეზღუდვა
● კუნთების სისუსტე
● ადგილობრივად კანის სიწითლე და მომატებული ტემპერატურა
● შეშუპება და სხვა
ტენდინოპათიის მკურნალობა
ტენდინოპათიის ზოგადი მკურნალობა მოიცავს:
● დასვენება - თუ ხშირად გიწევთ სამსახურში განმეორებითი აქტივობების შესრულება, სასურველია ყოველ 15 წუთში მცირე შესვენება.
● ყინული - ცივი საფენი ყოველ 2 საათში, ყინული უნდა მოთავსდეს დაზიანებულ არეზე 20 წუთის განმავლობაში.
ტენდინოპათიისას ფიზიკური თერაპია დიდ როლს თამაშობს ქსოვილის აღდგენაში. ამ დროს რეკომენდებულია სამკურნალო ვარჯიში, ულტრაბგერითი თერაპია და დარტყმით ტალღოვანი თერაპია .