×

ტკივილი და დისკომფორტი ხერხემლის არეში თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც  შესაძლოა შეგვხვდეს ყველა ასაკისა და სქესის ადამიანთან. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაახლოებით 60-80%- ს სიცოცხლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც  აქვს ხერხემლის ტკივილი.

მიუხედავად იმისა, რომ ხერხემლის ტკივილის შემთხვევათა უმრავლესობა დროებითი და მკურნალობის შედეგად  უკუგანვითარებადია, მწვავე ტკივილი პაციენტთა დაახლოებით 20% ში ქრონიკულ ხასიათს იძენს . ხერხემლის ქრონიკული ტკივილი განისაზღვრება, როგორც ტკივილი, რომელიც გრძელდება 10-12 კვირა ან მეტი. 

ხერხემლის ფართოდ გავრცელებული დაავადებები

დაავადებები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ ტკივილს ხერხემლის არეში:

ოსტეოპოროზი: მოზრდილებში გავრცელებული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლოვანი მასის შემცირება, ძვლების სიმყიფის ზრდა და ხშირი მოტეხილობები. ოსტეოპოროზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამის გამო “ჩუმ დაავადებასაც” უწოდებენ. დაავადება ვლინდება წელის ტკივილით, ყრუ ტკივილებით ზურგის არეში, სახსრების ტკივილით და ზოგადი სისუსტით. 

მაანკილოზებელი სპონდილიტი: ანთებითი დაავადებაა, რომელიც პირველ რიგში აზიანებს ხერხემალს. იწვევს სახსრების ანთებას, ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას.  

სპინალური სტენოზი: ამ მდგომარეობის დროს ხერხემლის არხი შევიწროებულია,   ზეწოლა არის ზურგის ტვინსა ან/და პერიფერიულ ნერვზე. ამ დროს ვლინდება  ტკივილი, დისკომფორტი, დაბუჟება წელისა და კიდურების არეში.

დისკოპათიები: იგივე მალთაშუა დისკის დეგენერაციული დაავადება. დისკოპათიებში ერთიანდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: მალთაშუა დისკის თიაქარი, სპონდილოლისთეზი და ა.შ. დაავადება დაწყებით სტადიაში უსიმპტომოა, პროგრესირებას თან ახლავს ტკივილის და დისკომფორტის  განვითარება.

ოსტეოქონდროზული ცვლილებები : ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ძვლისა და ხრტილის ზრდა-განვითარების დარღვევა. სიმპტომებია: ტკივილი, შეშუპება, მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვ და ა.შ 

ხერხემლის ტკივილის მკურნალობა

ხერხემლის ტკივილის მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, ტკივილის ხასიათზე, სიმძიმესა და ინდივიდუალურ მონაცემებზე. თუმცა არსებობს რამდენიმე გავრცელებული მიდგომა ხერხემლის ტკივილის სამკურნალოდ:

დასვენება და ყოველდღიური აქტივობის მოდიფიკაცია : ხერხემლის ტკივილის მწვავე შემთხვევებისთვის, ზომიერი დასვენება ეფექტურია დისკომფორტის შესამსუბუქებლად. თუმცა, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დასუსტება და გაახანგრძლივოს გამოჯანმრთელების პროცესი. 

ფიზიკური თერაპია: მოიცავს ვარჯიშებსა და ტექნიკებს, რომელიც მიზნად ისახავს კუნთის ძალისა და მოქნილობის გაუმჯობესებას. სპეციალისტი ქმნის პაციენტზე მორგებულ გეგმას მდგომარეობის სამართავად და ტკივილის შესამსუბუქებლად. ფიზიკური თერაპიის გარდა, არსებობს ასევე  სხვადასხვა პროცედურული მიდგომა:

  1. PRP თერაპია: ეფექტურად გამოიყენება წელის ქრონიკული ტკივილის შესამსუბუქებლად.  პროცედურა ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას.
  2. ელექტროთერაპია: აძლიერებს კუნთების ტონუსს, ამსუბუქებს ტკივილებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული ეფექტი.
  3. მაგნიტოთერაპია: გამოიყენება ძვალ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიების დროს. გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით, ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს სისხლმომარაგებას
  4. ულტრაბგერითი თერაპია: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ცხოვრების წესის მოდიფიკაცია: ჯანსაღი წონის შენარჩუნება,  რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.