ულტრაფონოფორეზი არის თერაპია , რომელიც იყენებს ულტრაბგერით ტალღებს ნივთიერებების ( როგორიცაა მედიკამენტები, გელები) კანსა და კანქვეშა ქსოვილებში მიწოდების გასაძლიერებლად. ფიზიოთერაპიის ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება რეაბილიტაციის სფეროში.
პროცესი მოიცავს კანზე, ადგილობრივად სამკურნალო მედიკამენტის (გელის) დატანას და ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით მიკროვიბრაციების წარმოქმნას კანში, ეს ტექნიკა ზრდის უჯრედის მემბრანის გამტარიანობას და ხელს უწყობს ნივთიერებების ქსოვილში შეღწევას.
ულტრაფონოფორეზი ფართოდ გამოიყენება რებილიტაციაში სხვადასხვა ძვალ-კუნთოვანი მდგომარეობებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ. რამდენიმე მათგანია :
● ტენდინიტი: მყესის ანთება. ხშირად ვითარდება არადოზირებული ფიზიკური დატვირთის ან ტრავმული დაზიანების დროს. ამ მდგომარეობის დროს, ფონოფორეზი გამოიყენება დაზიანების ადგილას ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მისაღებად.
● ბურსიტი : სასახსრე ჩანთის ანთება. ფონოფორეზი ხელს უწყობს ანთების შემცირებასა და ტკივილის შემსუბუქებას.
● მყესების დაზიანება : ფონოფორეზი ხელს უწყობს შეხორცებით პროცესებს, ამცირებს ტკივილსა და ანთებას.
● სახსრის კონტრაქტურა : ხშირად, სახსრის მოძრაობის დიაპაზონი იზღუდება ნაწიბუროვანი ქსოვილის არსებობის ან ხანგრძლივი უმოძრაობის გამო. ფონოფორეზი გამოიყენება რბილი ქსოვილების შებოჭილობის მოსახსნელად და მოქნილობის გასაუმჯობესებლად.
● ოსტეოართროზი : სახსრების დეგენერაციული დაავადება, რომელიც ხასიათდება ხრტილის განლევით ამ დროს ფონოფორეზი გამოიყენება იმ მედიკამენტების შესაყვანად რომლებიც ხელს უწყობენ ოსტეოართროზთან დაკავშირებული ტკივილისა და ანთების მართვას.
● პლანტარული ფასციიტი : ფონოფორეზი შეიძლება გამოვიყენოთ ანთების და ტკივილის შესამცირებლად.
● ეპიკონდილიტი: იდაყვის ლატერალური და/ან მედიალური მხარის ანთებაა. ფონოფორეზი ამ მდგომარეობის დროს ამცირებს ტკივილსა და ანთებას.
ამ ტექნიკის რამდენიმე ძირითადი უპირატესობაა :
● ლოკალური მკურნალობა
ფონოფორეზი,სხეულის კონკრეტულ ზონაში მედიკამენტების მიზანმიმართული მიწოდების საშუალებას იძლევა. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ლოკალიზებული სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ტენდინიტი, ართროზი, ჰემატომა, ბურსიტი და სხვა.
● მედიკამენტების აბსორბციის გაზრდა
ულტრაბგერითი ტალღების გამოყენება აძლიერებს კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამტარიანობას, რაც ხელს უწყობს მედიკამენტების შეწოვას.
● ტკივილის შემსუბუქება
ფონოფორეზი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის უშუალოდ დაზიანებულ არეში მიწოდების საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით სასარგებლოა ანთებასთან და კუნთების სპაზმთან დაკავშირებული ტკივილის სამართავად.
● სისტემური გვერდითი მოვლენების შემცირება
ვინაიდან, ულტრაფონოფორეზის დროს მედიკამენტების ადგილობრივი მიწოდება კონკრეტულ ზონაზეა მიმართული, მედიკამენტის პერორალურ მიღებასთან შედარებით სისტემური გვერდითი ეფექტების რისკი უფრო დაბალია.
● სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
ულტრაბგერითი ტალღები, რომლებიც ფონოფორეზის დროს გამოიყენება, ასტიმულირებს სისხლის მიწოდებას დაზიანებულ მიდამოში. სისხლის ნაკადის გაუმჯობესება კი ქსოვილის ტროფიკის გაზრდას
● არაინვაზიურობა
ულტრაფონოფორეზი არაინვაზიური და უმტკივნეულო მკურნალობის ტექნიკაა.
ულტრაფონოფორეზი უსაფრთხო თერაპიად არის მიჩნეული, როდესაც კვალიფიციური პროფესიონალის მიერ ტარდება. თუმცა, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, მასაც აქვს პოტენციური გვერდითი მოვლენები:
● კანის გაღიზიანება და სიწითლე სამუშაო არეზე
ჩვეულებრივ დროებითია და მალევე უკუგანვითარდება
● ალერგიული რეაქცია
● დამწვრობა ან დისკომფორტი
ულტრაბგერითი მოწყობილობის არასწორმა გამოყენებამ, გადაჭარბებული ინტენსივობის ულტრაბგერის გამოყენებამ ან ხანგრძლივმა ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ან დისკომფორტი.
● გადახურება
ულტრაბგერითი ტალღების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების გადახურება.