ულტრაფონოფორეზი თერაპიაა რომელიც იყენებს ულტრაბგერით ტალღებს ნივთიერებების ( როგორიცაა მედიკამენტები, გელები) კანსა და კანქვეშა ქსოვილებში მიწოდების გასაძლიერებლად.
პროცესი მოიცავს კანზე,ადგილობრივად მედიკამენტის ან ნივთიერების დატანას და ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით მიკროვიბრაციების წარმოქმნას. ტექნიკა ზრდის უჯრედის მემბრანის გამტარიანობას და ხელს უწყობს ნივთიერებების ქსოვილში შეღწევას.
როგორ კეთდება ულტრაფონოფორეზი?
ულტრაფონოფორეზი აუცილებელად უნდა შესრულდეს სპეციალისტის მიერ. პროცედურა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
1. შეფასება
აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის შეფასება, იმისათვის რომ დადგინდეს რამდენად მიზანშეწონილია თერაპიის ჩატარება. შეფასება მოიცავს პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლას და უკუჩვენებების გამოვლენას არსებობის შემთხვევაში.
2. მედიკამენტის დატანა
შემდეგი ნაბიჯია საჭირო მედიკამენტის შემცველი გელის ან კრემის დატანა დაზიანებულ ადგილზე.
3. ულტრაბგერის აპლიკაცია
ულტრაბგერითი აპარატის გადამწოდი თავსდება პრეპარატით დასამუშავებულ მიდამოზე. აპარატი გამოყოფს დაბალი სიხშირის ულტრაბგერით ტალღებს, კანში იქმნება მიკროვიბრაცია, რაც ხელს უწყობს მემბრანის გამტარიანობის გაზრდას და მედიკამენტის შეწოვას.
4. მონიტორინგი
მთელი პროცედურის განმავლობაში მიმდინარეობს მონიტორინგი,რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი დისკომფორტი ან გვერდითი მოვლენა.
5. მკურნალობის შემდგომი მოვლა
პროცედურის შემდეგ აუცილებელია სხვადასხვა ინსტრუქციის გათვალისწინება,მაგალითად: სასურველია დამუშავებულ ადგილას მზის სხივის პირდაპირი მოქმედების თავიდან აცილება.
ვის სჭირდება ულტრაფონოფორეზის პროცედურები?
ულტრაფონოფორეზი,ჩვეულებრივ,გამოიყენება ძვალ-კუნთოვანი და სხვა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ . რამდენიმე მათგანია:
● ტენდინიტი: მყესის ანთება. ხშირად ვითარდება არადოზირებული ფიზიკური დატვირთვის ან დაზიანების გამო. ამ მდგომარეობის დროს, ფონოფორეზი გამოიყენება დაზიანების ადგილას ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტის შესაყვანად.
● ბურსიტი : სასახსრე ჩანთის ანთება. ფონოფორეზი ხელს უწყობს ანთების და ტკივილის შემცირებას.
● კუნთების დაჭიმულობა : ხშირად,გადაჭარბებული დატვირთვის შედეგია. ფონოფორეზი გამოიყენება იმ მედიკამენტების მიწოდებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და ამცირებს ტკივილს.
● მყესების დაზიანება : ფონოფორეზი ხელს უწყობს შეხორცებით პროცესებს, ამცირებს ტკივილსა და ანთებას.
● სახსრების კონტრაქტურები : ხშირად, სახსრის მოძრაობის დიაპაზონი იზღუდება ნაწიბუროვანი ქსოვილის არსებობის ან უმოძრაობის გამო. ფონოფორეზი გამოიყენება რბილი ქსოვილების შებოჭილობის მოსახსნელად და მოქნილობის გასაუმჯობესებლად.
● ოსტეოართროზი : სახსრების დეგენერაციული დაავადება, რომელიც ხასიათდება ხრტილის განლევით. ამ დროს ფონოფორეზი გამოიყენება იმ მედიკამენტების მისაწოდებლად, რომლებიც ხელს უწყობენ ოსტეოართრიტთან დაკავშირებული ტკივილისა და ანთების მართვას.
● პლანტარული ფასციიტი : ქუსლის ფასციის დაზიანებაა. ფონოფორეზი შეიძლება გამოყენებული იქნას ანთების შესამცირებლად და ფასციის შეხორცების ხელშესაწყობად.
● ეპიკონდილიტი: იდაყვის ლატერალური და/ან მედიალური მყესების ანთებაა. ფონოფორეზი ამ მდგომარეობის დროს ამცირებს ტკივილსა და ანთებას.