×

ტერმინი “სპორტული ტრავმა” მოიცავს იმ  დაზიანებას, რომლებიც ხშირად ხდება სპორტული აქტივობების დროს, მაგრამ ასეთი  ტრავმების “სამიზნე” არ არის მხოლოდ სპორტსმენი. მაგალითად: საწარმოში მომუშავეებს ხშირად უვითარდებათ დაავადება- ჩოგბურთელის იდაყვი ან იღებენ ტრავმას, მხატვრებში ხშირია მხრის დაზიანებები, მებაღეებში ტენდინიტი და ა.შ. 

 

 სპორტული ტრავმები იყოფა 2 დიდ კატეგორიად: მწვავე და ქრონიკული.   

მწვავე დაზიანებები ხდება მოულოდნელად, მაგალითად დაცემის ან დარტყმის დროს. (დაჭმულობა,დისლოკაცია და ა.შ).

ქრონიკული დაზიანებები, ჩეულებრივ, გამოწვეულია სხეულის რომელიმე ნაწილის ხშირი, განმეორებითი და  არადოზირებული მოძრაობებით. ქრონიკული დაავადებები პროგრესირებს დროში.  

 სპორტული დაზიანებების ძირითადი რისკ ფაქტორებია:  ვარჯიშის არასწორი ტექნიკა, გადაჭარბებული ვარჯიში, ფიზიკური აქტივობის ინტენსივობის სწრაფი შეცვლა, მყარ ზედაპირებზე  ხანგრძლივი ხტუნვა ან სირბილი, არასწორი ფეხსაცმლის გამოყენება და სხვა.

  ძირითადი სპორტული ტრავმებია:

მყესის დაჭიმულობა-   უმეტესად გამოწვეულია უეცარი და ძლიერი გადატვირთვით. ხშირად გვხვდება  ტერფის, მუხლის, იდაყვის, მხრის და თითების მიდამოებში.

კუნთის დაჭიმულობა- კუნთის ზედმეტად გაჭიმვა ან მისი ბოჭკოების რღვევაა. ძირითადად გამოწვეულია კუნთის უეცარი და ძლიერი შეკუმშვით ,სიჩქარის ან მიმართულების ცვლილების დროს.  ხშირია: ბარძაყის, ოთხთავა, ზურგის და წვივის კუნთების მიდამოში. სიმპტომებია ტკივილი კუნთის შეკუმშვისას ან გაჭიმვისას, მგრძნობელობის შეცვლა, შეშუპება და ა.შ 

მოტეხილობა- ძვლის მოტეხილობა გამოწვეულია ტრავმული დაზიანებით, მაგალითად დაცემით ან შეჯახებით.

თავის ტვინის შერყევა- გამოწვეულია ქალაზე ძალაზე ზემოქმედებით. მსუბუქი შერყევა ჩვეულებრივ წოლითი რეჟიმით  ექვემდებარება მკურნალობას. მძიმე შერყევების დროს სიმპტომები მეტად მწვავეა.ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელია: მეხსიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა, ყურებში ხმაური, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაკარგვა და ა.შ. 

თერაპია სპორტული ტრავმების დროს

 სპორტული ტრავმის დროს, მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:

RICE თერაპია:

 მცირე დაზიანებები, როგორიცაა მყესის ან კუნთის მსუბუქი დაჭიმულობა, ხშირად შესაძლებელია RICE თერაპიით იმართოს 2-3 დღის განმავლობაში.

RICE თერაპია მოიცავს:

R- rest- დასვენება- მოერიდეთ ვარჯიშს და შეამცირეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა. 

I- ice- ყინული - ყოველ 2-3 საათში დაიდეთ ყინული დაზიანებულ ადგილზე 10-15 წუთის განმავლობაში. ყინული უშუალოდ კანს არ უნდა ეხებოდეს , სასურველია ყინული იყოს გახვეული რბილ ქსოვილში, ან კანზე დაიფინოთ  თხელი ქსოვილი, იმისთვის რომ არ დაზიანდეს კანი.

C- compression- კომპრესია- გამოიყენეთ ელასტიური სახვევები შეშუპების შესამცირებლად.

E- elevation- ამაღლება- შეძლებისდაგვარად, დაზიანებული ადგილი მოათავსეთ ამაღლებულ პოზიციაში. 


  იმობილიზაცია:

იმობილიზაცია ხელს უწყობს შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებასა და დაზიანებული ადგილის მოძრაობის შემცირებას. ის ასევე ამცირებს ტკივილის, შეშუპებასა და კუნთების სპაზმს.

  ფიზიოთერაპია:

  ტრავმული დაზიანების რეაბილიტაციის პროცესში დიდ როლს თამაშობს ფიზიოთერაპია. ეს სპეციალიზებული მკურნალობაა,რომელიც მოიცავს ისეთ ინტერვენციებს , როგორიცაა  სამკურნალო ვარჯიში, სხვადასხვა აპარატურული  თერაპია ( მაგალითად ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია , მექანოთრრაპია და სხვა.) მასაჟი და ა.შ  

  ქირურგიული პროცედურები

სპორტული ტრავმის დროს შესაძლოა საჭირო იყოს  ოპერაციული მკურნალობა .