×

ართროზი არის სახსრების დეგენერაციული დაავადებაა, რაც ჩვეულებრივ ასოცირებულია დაბერების პროცესთან ან სახსრის რეგულარულ ინტენსიურ  დატვირთვასთან.  

ართროზი აზიანებს სახსრის  შემადგენელ ყველა  ნაწილს: ძვალს, ხრტილს, იოგებს, ცხიმოვან ქსოვილს, კუნთებს და სახსრის ამომფენ ქსოვილებს. დაავადებისთვის დამახასიათებელია  ხრტილის დეგრადაცია, შედეგად სახეზეა “ძვლის-ძვალთან” კონტაქტი, რაც იწვევს ძვლის დეფორმაციას, ტკივილს, სიმტკიცის და მობილობის შეცვლას.  


ოსტეოართროზი შესაძლოა  გამოვლინდეს  ნებისმიერ სახსარში, თუმცა  უფრო ხშირად გვხვდება ფალანგთაშუა, მუხლის, მენჯ-ბარძაყის  სახსრების ართროზი. დაავადება, როგორც წესი, ნელ-ნელა პროგრესირებს, თუმცა ტრავმის მიღებამ შეიძლება პროცესი დააჩქაროს.

ართროზის სიმპტომები

ართროზის სიმპტომები არ ვლინდება მოულოდნელად და მწვავედ, დაავადება დროთა განმავლობაში  ნელნელა  პროგრესირებს. ართროზის დიაგნოსტიკამდე გარკვეული პერიოდულობით ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

სახსრის ტკივილი ფიზიკური აქტივობის  დროს ,ხანგრძლივი აქტივობის შემდეგ ან დღის ბოლოს

სახსრის შებოჭილობა რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება  დილით  ან დასვენების შემდეგ

მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა, რომელიც შეიძლება  ფიზიკური აქტივობის შემდეგ გაქრეს

შეშუპება სახსრის ირგვლივ 

კუნთების სისუსტე და ტკივილი დაზიანების მიდამოში

სახსრის “ხრაშუნი” ( ჭრიალი) 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ართროზი?

ასაკი - ართროზის განვითარების რისკი იზრდება ასაკთან ერთად, ძირითადად ვლინდება 50 წელს გადაცილებულ პირებში, თუმცა ხშირად გვხვდება უფრო ახალგაზრდა პოპულაციაშიც

სახსრის დაზიანება და გადატანილი ტრავმა- ძვლის მოტეხილობა, ხრტილის ან იოგების მთლიანობის დარღვევა 

სახსრის ინტენსიური რეგულარული დატვირთვა

ჭარბწონიანობა - ამ დროს იზრდება სახსარზე სტრესი და ზეწოლა, გარდა ამისა ცხიმოვანი უჯრედები ხელს უწყობს ანთების განვითარებას

გენეტიკა

სქესი- ქალებში უფრო ხშირად ვლინდება  ვიდრე მამაკაცებში

არარაციონალური კვება

აუტოიმუნური დაავადებები

ართროზის მკურნალობა და რეაბილიტაცია

ართროზის სრულად განკურნება არ ხდება, მაგრამ მედიკამენტები, დამხმარე მოწყობილობები, ფიზიოთერაპია გვეხმარება პროცესის მართვაში. რაც გულისხმობს ,  დაავადების არსებულ ეტაპზე შენარჩუნებას , პროგრესირების გადავადებას და სიმპტომების შემსუბუქებას . თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, შესაძლებელია  ქირურგული ჩარევა, რომელიც გულისხმობს დაზიანებული სახსრის  ხელოვნური სახსრით ჩანაცვლებას. 

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ხელმისაწვდომია ტაბლეტების, სიროფების, გელის, კრემის ან საინექციო სახით. ისინია:

ანალგეტიკები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები 

კორტიკოსტეროიდები 

ართროზის მკურნალობისთვის გამოიყენება ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია და ლაზეროთერაპია. მკურნალობის პროცესში შესაძლოა   გამოვიყენოთ PRP-თერაპია, რაც გულისხმობს თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციებს.