×

ინსულტის შემდგომი გართულებები დაავადების ტიპსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. საკუთრივ ინსულტი- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევაა, რაც ტვინის ქსოვილის დაზიანებას იწვევს. არსებობს ინსულტის ორი ტიპი: ჰემორაგიული და იშემიური. თითოეული მათგანი განსხვავდება განვითარების მექანიზმით, სიმპტომებით  და ნარჩენი მოვლენებით. 

ძირითადი გართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს ინსულტის შემდგომ არის:

შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობა :ინსულტმა შეიძლება გამოიწვიოს დამბლა, კიდურების სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა ჰემიპარეზი, ჰემიპლეგია და სხვა;

კომუნიკაციის შეზღუდვა: ინსულტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თავის ტვინში მეტყველებისა და ენის ცენტრზე, რაც იწვევს აფაზიას (მეტყველების დარღვევა) ან დიზართრიას(სიტყვების ფორმირების სირთულე);

კოგნიტური დარღვევები: მეხსიერების გაუარესება, კონცენტრაციის გაძნელება, სირთულეების  დაძლევასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები;

ემოციური და ფსიქოლოგიური ცვლილებები: დეპრესია, შფოთვა, ემოციური ლაბილობა და ა.შ;

ყლაპვის გაძნელება: ინსულტის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს ყლაპვის სხვადასხვა  ტიპის დარღვევა ან დისფაგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასპირაციული პნევმონია ან კვებითი დარღვევები;

ტკივილი: ქრონიკული ტკივილი, რომელიც ცნობილია ინსულტის შემდგომი ცენტრალური ტკივილის სახელით, შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების გამო;

კუნთების სისუსტე ან სპასტიურობა;

შარდის ბუშტისა და ნაწლავების დისფუნქცია: ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა, დიარეა, შეუკავებლობა ან სხვა პრობლემები;

დაღლილობა და ზოგადი სისუსტე;

გულყრის ეპიზოდები;

ნაწოლების განვითარება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებები;

ოსტეოპოროზი: უმოძრაობამ და წონაში კლებამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება და მოტეხილობების რისკის გაზრდა;

ცხოვრების წესის ცვლილებები: ინსულტის შემდგომ პაციენტებს შეიძლება გაუჭირდეთ ცხოვრების პირვანდელ რიტმში დაბრუნება;

ინსულტის შემდგომი გართულებების მკურნალობა

ინსულტის შემდგომი გართულებების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით, რომლებიც ახდენენ მოსალოდნელი თრომბოზის პრევენციას. გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია არტერიული წნევის მართვა, მუდმივი მონიტორინგი, ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავება, ფიზიკური აქტივობა. 

ინსულტის შემდგომი გართულებების მკურნალობაში დიდი როლი აქვს რეაბილიტაციას,ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, ასევე  პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ფსიქოლოგის და  მეტყველების თერაპევტის დახმარება.

არსებობს სხვადასხვა პროცედურები, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს აღდგენით პროცესებს, აძლიერებს კუნთების ტონუსს, ამსუბუქებს ტკივილს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თერაპია ინსულტის შემდგომი გართულებების მკურნალობაში არის ელექტროთერაპია, ის ხასიათდება ნაკლები გვერდითი მოვლენით.