×

ჰემატომა განისაზღვრება - როგორც სისხლის დაგროვება სისხლძარღვების გარეთ, ქსოვილებში. ჰემატომა გამოწვეულია სისხლძარღვის კედლის დაზიანებით, რის შედეგადაც სისხლი გამოიჟონება მიმდებარე ქსოვილებში. 

ჰემატომა  შესაძლოა  გაჩნდეს კანზე,  ფრჩხილის ქვეშ , ვისცერალურად, რომელიც ნაკლებად იქნება თვალსაჩინო და ა.შ. 

ჰემატომების სახელწოდებები, ძირითადად, მისი ადგილმდებარეობის მიხედვით შეირჩევა, მაგალითად: 

ინტრა-აბდომინალური, პერიტონეალური, ან რეტროპერიტონეალური ჰემატომა -  მუცლის ღრუში მდებარე ჰემატომები

ღვიძლის ჰემატომა

ელენთის ჰემატომა

სუბდურული ჰემატომა - მდებარეობს ინტრაკრანიალურ სივრცეში

კანქვეშა ჰემატომა და სხვა

რა იწვევს ჰემატომას?

ჰემატომის გამომწვევი მიზეზი არის სისხლძარღვების დაზიანება ან ტრავმა. დაზიანება შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, რაც დაარღვევს სისხლძარღვის მთლიანობას. მაგალითად, ჰემატომა ფრჩხილის ქვეშ (სუბუნგუალური ჰემატომა) შეიძლება წარმოიშვას მცირე ტრავმის შედეგად. უფრო მძიმე ტრავმები (როგორიცაა: სიმაღლიდან ჩამოვარდნა, ავარია) კი იწვევს შესამჩნევად დიდ სისხლდენას  სხეულის სხვადასხვა უბანზე. 

ჰემატომა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერი ინვაზიური სამედიცინო ჩარევისას, მაგალითად ბიოფსიის, დრენაჟის, კათეტერიზაციის დროს. ასევე მედიკამენტების ინქეციისას (ინსულინი, ანტიკოაგულანტები, ვაქცინები). ამ დროს ჰემატომები ჩნდება კანზე ლოკალურად, უშუალოდ პროცედურის ჩატარების ადგილზე.  

ჰემატომის სიმპტომები

ჰემატომის სიმპტომები დამოკიდებულია მის ზომასა და მდებარეობაზე. ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და სისხლჩაქცევა - ყველა სახის ჰემატომისთვის საერთოა, ლოკალიზაციის მიხედვით კი დამახასიათებელია:

სუბდურული ჰემატომის სიმპტომებია - თავის ტკივილი, ნევროლოგიური პრობლემები (მეტყველების გაძნელება, ჰემიპლეგია..), გულყრა და ა.შ 

ეპიდურული ჰემატომის სიმპტომებია - ზურგის ტკივილი, სისუსტე, უნებლიე შარდვა ან დეფეკაცია და ა.შ 

კანქვეშა ჰემატომის სიმპტომები - ტკივილი, დაჭიმულობის შეგრძნება 

ელენთის, ღვიძლის ან პერიტონეალური ჰემატომის სიმპტომები - მუცლის ტკივილი, ცხელება, ოფლიანობა და ა.შ . 

როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?

ჰემატომის დიაგნოსტიკა ხდება ინსპექციითა (დათვალიერებით) და პაციენტის ისტორიის გამოკვლევით. არ არსებობს რაიმე სპეციფიური ანალიზი, რამაც შეიძლება გამოავლინოს ჰემატომის არსებობა, თუმცა შედარებით ინფორმატიულია სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულაციის პანელი, ქიმიური და მეტაბოლური პანელი.

ჰემატომის დიაგნოსტიკა შესაძლებელია რადიოლოგიური კვლევითაც: ულტრასონოგრაფიული კვლევა , კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)  და მაგნიტო-რეზონანსული კვლევა (MRI).

ჰემატომა და მისი მკურნალობა 

ზედაპირული ჰემატომები, ხშირ შემთხვევაში, სისხლძარღვის კედლის თვითაღდგენის შედეგად, მკურნალობის გარეშე ქრება. 

ჰემატომის მკურნალობისთვის იყენებენ RICE აბრევიატურას:

 Rest- დასვენება

 Ice - ყინულის პროცედურები

 Compress - კომპრესიები ( ელასტიკური ბანდაჟით) 

 Elevate - დაზიანებული უბნის ამაღლება გულის დონეზე 

ვისცერალურად მდებარე ჰემატომების დროს ქირურგიული ჩარევა საჭირო ხდება, თუმცა ზედაპირულად მდებარე ჰემატომები წარმატებულად იკურნება ულტრაბგერითი თერაპიით, მაგნიტოთერაპიითა და ღრმა ოსცილაციით . გართულებული და კალციფიცირებული ჰემატომის მკურნალობა შესაძლებელია და დარტყმით-ტალღოვანი თერაპიით.