×

მასტექტომიისა და ლიმფური კვანძების რეზექციის შემდეგ ხშირ შეთხვევაში ვითარდება ლიმფოსტაზი— მდგომარეობა, რომლის დროსაც  იღვევა ლიმფის მიმოქცევა და გროვდება ლიმფური სითხე  ზედა კიდურის და/ან გულმკერდის არეში. მდგომარეობას თან ახლავს შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და ფუნქციის შეზღუდვა. 

რა არის ლიმფოსტაზი?

ლიმფოსტაზი (ლიმფედემა) არის მდგომარეობა, როდესაც ლიმფური სითხის გადინება შეფერხებულია, რის შედეგადაც ქსოვილებში სითხე გროვდება და ვითარდება შეშუპება.

მასტექტომიის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იღებენ იღლიის ლიმფურ კვანძებს ან ტარდება სხივური თერაპია, ლიმფური სისტემის ნაწილი ზიანდება, რაც ლიმფის ნორმალურ ცირკულაციას ართულებს.


რატომ ვითარდება შეშუპება მასტექტომიის შემდეგ?

ოპერაციის შემდგომ შეშუპება შეიძლება იყოს დროებითი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის ქრონიკულ ლიმფოსტაზში გადაიზარდოს.

რისკ-ფაქტორებია:

იღლიის ლიმფური კვანძების ამოკვეთა;

სხივური თერაპია;

ინფექცია ან ანთებითი პროცესი;

ჭარბი წონა;

ფიზიკური უმოქმედობა;

ხელის ტრავმა ან გადატვირთვა.


რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?

ლიმფოსტაზის ადრეული ამოცნობა მკურნალობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის.

მთავარი სიმპტომებია:

ხელის ან თითების შეშუპება;

სიმძიმისა და დაჭიმულობის შეგრძნება;

მოძრაობის შეზღუდვა;

ტკივილი ან დისკომფორტი;

კანის დაჭიმვა და გამკვრივება;

სამკაულების ან ტანსაცმლის მოჭერის შეგრძნება.

თუ აღნიშნული ნიშნები დროულად შეფასდება, შესაძლებელია დაავადების პროგრესირების თავიდან აცილება.


როგორ ხდება ლიმფოსტაზის მკურნალობა?

ლიმფოსტაზის მართვა ეფუძნება კომპლექსურ თერაპიას,მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

მანუალურ ლიმფურ დრენაჟს;

კომპრესიულ თერაპიას (ბანდაჟირება ან კომპრესიული სახელო);

სპეციალურ სამკურნალო ვარჯიშებს;

კანის სწორ მოვლასა და ინფექციის პრევენციას;

ფიზიოთერაპიას ინდივიდუალური ჩვენების მიხედვით.

თითოეული პროგრამა პაციენტის მდგომარეობისა და შეშუპების ხარისხის შესაბამისად იგეგმება.

რეაბილიტაციის მნიშვნელობა

ადრეულ ეტაპზე დაწყებული რეაბილიტაცია ხელს უწყობს ლიმფური ცირკულაციის გაუმჯობესებას, ამცირებს შეშუპებას, აღადგენს მხრის მოძრაობის მოცულობას, ამსუბუქებს ტკივილს და ხელს უშლის ლიმფოსტაზის პროგრესირებას.

ინდივიდუალურად დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროგრამა პაციენტს ეხმარება ყოველდღიურ აქტივობებში სწრაფად დაბრუნებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.