×

ტერმინი “სპორტული ტრავმა” მოიცავს იმ  დაზიანებას, რომლებიც ხშირად ხდება სპორტული აქტივობების დროს, მაგრამ ასეთი  ტრავმების “სამიზნე” არ არის მხოლოდ სპორტსმენი. მაგალითად: საწარმოში მომუშავეებს ხშირად უვითარდებათ დაავადება- ჩოგბურთელის იდაყვი ან იღებენ ტრავმას, მხატვრებში ხშირია მხრის დაზიანებები, მებაღეებში ტენდინიტი და ა.შ. 

 

 სპორტული ტრავმები იყოფა 2 დიდ კატეგორიად: მწვავე და ქრონიკული.   

● მწვავე დაზიანებები ხდება მოულოდნელად, მაგალითად დაცემის ან დარტყმის დროს. (დაჭმულობა,დისლოკაცია და ა.შ).

● ქრონიკული დაზიანებები, ჩეულებრივ, გამოწვეულია სხეულის რომელიმე ნაწილის ხშირი, განმეორებითი და  არადოზირებული მოძრაობებით. ქრონიკული დაავადებები პროგრესირებს დროში.  

 სპორტული დაზიანებების ძირითადი რისკ ფაქტორებია:  ვარჯიშის არასწორი ტექნიკა, გადაჭარბებული ვარჯიში, ფიზიკური აქტივობის ინტენსივობის სწრაფი შეცვლა, მყარ ზედაპირებზე  ხანგრძლივი ხტუნვა ან სირბილი, არასწორი ფეხსაცმლის გამოყენება და სხვა.

  ძირითადი სპორტული ტრავმებია:

● მყესის დაჭიმულობა-   უმეტესად გამოწვეულია უეცარი და ძლიერი გადატვირთვით. ხშირად გვხვდება  ტერფის, მუხლის, იდაყვის, მხრის და თითების მიდამოებში.

● კუნთის დაჭიმულობა- კუნთის ზედმეტად გაჭიმვა ან მისი ბოჭკოების რღვევაა. ძირითადად გამოწვეულია კუნთის უეცარი და ძლიერი შეკუმშვით ,სიჩქარის ან მიმართულების ცვლილების დროს.  ხშირია: ბარძაყის, ოთხთავა, ზურგის და წვივის კუნთების მიდამოში. სიმპტომებია ტკივილი კუნთის შეკუმშვისას ან გაჭიმვისას, მგრძნობელობის შეცვლა, შეშუპება და ა.შ 

● მოტეხილობა- ძვლის მოტეხილობა გამოწვეულია ტრავმული დაზიანებით, მაგალითად დაცემით ან შეჯახებით.

● თავის ტვინის შერყევა- გამოწვეულია ქალაზე ძალაზე ზემოქმედებით. მსუბუქი შერყევა ჩვეულებრივ წოლითი რეჟიმით  ექვემდებარება მკურნალობას. მძიმე შერყევების დროს სიმპტომები მეტად მწვავეა.ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელია: მეხსიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა, ყურებში ხმაური, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაკარგვა და ა.შ. 

თერაპია სპორტული ტრავმების დროს

 სპორტული ტრავმის დროს, მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:

● RICE თერაპია:

 მცირე დაზიანებები, როგორიცაა მყესის ან კუნთის მსუბუქი დაჭიმულობა, ხშირად შესაძლებელია RICE თერაპიით იმართოს 2-3 დღის განმავლობაში.

RICE თერაპია მოიცავს:

R- rest- დასვენება- მოერიდეთ ვარჯიშს და შეამცირეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა. 

I- ice- ყინული - ყოველ 2-3 საათში დაიდეთ ყინული დაზიანებულ ადგილზე 10-15 წუთის განმავლობაში. ყინული უშუალოდ კანს არ უნდა ეხებოდეს , სასურველია ყინული იყოს გახვეული რბილ ქსოვილში, ან კანზე დაიფინოთ  თხელი ქსოვილი, იმისთვის რომ არ დაზიანდეს კანი.

C- compression- კომპრესია- გამოიყენეთ ელასტიური სახვევები შეშუპების შესამცირებლად.

E- elevation- ამაღლება- შეძლებისდაგვარად, დაზიანებული ადგილი მოათავსეთ ამაღლებულ პოზიციაში. 

●   იმობილიზაცია:

იმობილიზაცია ხელს უწყობს შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებასა და დაზიანებული ადგილის მოძრაობის შემცირებას. ის ასევე ამცირებს ტკივილის, შეშუპებასა და კუნთების სპაზმს.

●   ფიზიოთერაპია:

  ტრავმული დაზიანების რეაბილიტაციის პროცესში დიდ როლს თამაშობს ფიზიოთერაპია. ეს სპეციალიზებული მკურნალობაა,რომელიც მოიცავს ისეთ ინტერვენციებს , როგორიცაა  სამკურნალო ვარჯიში, სხვადასხვა აპარატურული  თერაპია ( მაგალითად ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია , მექანოთრრაპია და სხვა.) მასაჟი და ა.შ  

●   ქირურგიული პროცედურები

სპორტული ტრავმის დროს შესაძლოა საჭირო იყოს  ოპერაციული მკურნალობა .