×

დისკოპათია, ასევე ცნობილი როგორც მალთაშუა დისკის დეგენერაციული დაავადება, წარმოადგენს ზურგის ტკივილის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. 

დაავადებისას, მალთაშუა დისკების დეჰიდრატაციისა და მოცულობის კლების შედეგად, ხერხემალ ის სვეტზე დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება , რის შედეგადაც ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები.

დისკოპათია შეიძლება ხერხემლის ნებისმიერ სეგმენტზე განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად კისრისა და წელის მიდამოში ვლინდება.

დისკოპათიის სიმპტომები

● ტკივილი - დისკოპათიის ძირითადი სიმპტომია. ტკივილის მახასიათებლებია: 

➔ მჩხვლეტავი, მუდმივი ხასიათის ტკივილი ზურგის არეში

➔ შეიძლება იყოს ადგილობრივი, ან გადაცემითი ფეხის არეში

➔ აღმოცენდება პერიოდულად,ახასიათებს გამწვავებები და შეიძლება გაგრძელდეს    რამდენიმე კვირა ან თვე

➔ ჯდომისას უარესდება, ხოლო ფეხზე დგომისას და მოძრაობისას მსუბუქდება

➔ უარესდება მოხრილ მდგომარეობაში

➔ მწოლიარე პოზიცია ტკივილს ამცირებს 

● სახსრების მობილობის შეცვლა - დისკოპათიის ლოკალიზაციიდან გამომდინარე, არსებულ სეგმენტში შესაძლოა გართულდეს მოძრაობის შესრულება 

● მოძრაობის დიაპაზონის შემცირება - დისკოპათიისას მალთაშუა დისკები კარგავენ ელასტიურობას, რაც ხელს უშლის მოძრაობის პროცესს.

● დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება - თუ დაზიანებული დისკი აწვება ნერვს, ნერვის მიერ ინერვირებულ ნაწილში შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება. 

● კუნთების სისუსტე

რამ შეიძლება გამოიწვიოს დისკოპათია?

დისკოპათიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა არსებობს ფაქტორები, რაც ხელს უწყობს მდგომარეობის განვითარებას:

● დისკოპათიის ხელშემწყობი მთავარი ფაქტორი ორგანიზმის დაბერების პროცესია.ასაკის მატებასთან ერთად, მალთაშუა დისკები კარგავენ წყლის შემცველობას და ელასტიურობას, შედეგად,დისკები თხელდება და ვეღარ უძლებს ჩვეულ დატვირთვას. 

● გენეტიკა

● მექანიკური ცვეთა - განმეორებითი მოძრაობები, ცუდი პოზის შერჩევა, ხერხემლის ხშირი მცირე ტრავმები დროთა განმავლობაში დისკის გადაგვარებას უწყობს ხელს. 

● მწეველობა

● სიმსუქნე

● ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მჯდომარე ცხოვრების წესი

● საკვები ნივთიერებების ნაკლებობა

დისკოპათიის მკურნალობა

დისკოპათიის საწყისი სტადიის მკურნალობა არაინვაზიურია, ის ძირითადად მოიცავს:

● ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნივთიერებების მიღება 

● ცხოვრების წესის მოდიფიკაცია - ოპტიმალური წონის შენარჩუნება/მიღწევა, სწორი პოზიციონირება, არასწორი დატვირთვისგან თავის არიდება და ა.შ .

● ფიზიკური თერაპია: ინდივიდუალურად შერჩეული ვარჯიშები და გაჭიმვები აუმჯობესებს ხერხემლის მოქნილობას, აძლიერებს კუნთებს და ამსუბუქებს ტკივილს. 

● რეგენერაციული თერაპიები: PRP-თერაპია , ულტრაბგერითი თერაპია , ელექტრო თერაპია , მაგნიტოთერაპია .