ოსტეოქონდროზი ხრტილისა და ძვლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რომლის დროსაც ,უპირატესად ზიანდება დიდი დატვირთვის ქვეშ მყოფი სახსრები. სახსრის ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციას რამდენიმე ფაქტორი იწვევს, საბოლოოდ კი შესაძლებელია დაავადებას დაერთოს ნერვ-კუნთოვანი აპარატის დაზიანება და დაქვეითდეს პაციენტის ცხოვრების ხარისხი.
იმის მიხედვით, თუ სად არის დაზიანება, ოსტეოქონდროზი 3 კატეგორიად იყოფა: სახსროვანი, ფიზალური და არასახსროვანი.
უშუალოდ ხერხემლის ოსტეოქონდროზი 4 ტიპისაა:
● წელის ოსტეოქონდროზი
● კისრის ოსტეოქონდროზი
● გულმკერდის ოსტეოქონდროზი
● გავრცობილი ოსტეოქონდროზი ( ხერხემლის 2 ან მეტი ნაწილის დაზიანება)
ხერხემლის ოსტეოქონდროზს განვითარების რამდენიმე სტადია აქვს: თავდაპირველად ირღვევა მალთაშუა დისკების ფორმა, რაც მალების არასტაბილურობას იწვევს. შემდგომ დისკების ფიბროზული რკალი ირღვევა და ვიწროვდება. მესამე სტადიაში ფიბროზული რკალი იშლება და ხდება ერთი ან რამდენიმე დისკის სრული დეფორმაცია. საბოლოოდ, ხერხემლის შეცვლილი ფორმის შედეგად, პაციენტის მოძრაობა იზღუდება.
ოსტეოქონდროზის სიმპტომები
ოსტეოქონდროზის კლინიკურ გამოვლინებაში ყურადსაღებია ტკივილი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობის იყოს: ყრუ ტკივილიდან - ლუმბაგომდე. ხერხემლის ტკივილი ვითარდება ნელ-ნელა, შესაძლებელია გავრცელდეს ქვედა კიდურებზე (ბარძაყის, წვივის, მუხლის, ტერფის, თითების მიდამოში). ძირითადად, დამახასიათებელია ოსტეოქონდროზის მე-2 სტადიისთვის.
ტკივილი ძლიერდება უეცარი მოძრაობებისა და ფიზიკური დატვირთვის დროს.
სხვა სიმტპომებია:
● სახსრის გარშემო კანის შეშუპება და მგრძნობელობის გაზრდა
● სახსრის ამოვარდნა ან ჩაკეტვა
● სისუსტე
● მოძრაობის დიაპაზონის შემცირება
ოსტეოქონდროზის გამომწვევი მიზეზები
ხერხემლის ოსტეოქონდროზის განვითარების მრავალი წინაპირობა არსებობს. თუ ადრე ოსტეოქონდროზი ხანდაზმულ პათოლოგიად მიიჩნეოდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა დაავადებულთა ასაკი.
ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია:
● გენეტიკა
● ხერხემლის მრავლობითი დაზიანება;
● ჭარბი წონა;
● უმოძრაო ცხოვრების წესი;
● მძიმე ფიზიკური დატვირთვა;
● ბრტყელი ტერფი;
● მუდმივი სტრესი;
● ჰიპოთერმია;
● ორგანიზმის დაბერება;
ოსტეოქონდროზის მკურნალობა
ოსტეოქონდროზის დროს სასურველია დაზიანებული სახსრის ნაკლებად დატვირთვა. შეშუპებისა და ტკივილის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. მძიმე ფორმების დროს ხდება ქირურგული ჩარევა. ქირურგიული ჩარევა იგეგმება, როდესაც :
● დასვენება და ნაკლები ფიზიკური დატვირთვა არ ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას
● დიაგნოსტიკური ტესტები ცხადყოფს, რომ დაზიანებული ხრტილი სახსრის გარეთაა გამოსული
● დაზიანებული ძვალი და ხრტილი დიამეტრით 1 სმ ზე მეტია
ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მიზანშეწონილია 6 კვირის განმავლობაში ყავარჯნების გამოყენება და 2-4 თვის განმავლობაში ფიზიოთერაპიის პროცედურების ჩატარება.
ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიის პროცედურები, კონკრეტულად კი, ულტრაბგერითი თერაპია. ის აუმჯობესებს დაზიანების ადგილზე სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ანთებას და ტკივილს, ასევე ააქტიურებს რეგენერაციას ,რაც ეხმარება პაციენტს დაავადების სიმპტომების მართვაში.