×

ართროზი არის სახსრების დეგენერაციული დაავადებაა, რაც ჩვეულებრივ ასოცირებულია დაბერების პროცესთან ან სახსრის რეგულარულ ინტენსიურ  დატვირთვასთან.  

ართროზი აზიანებს სახსრის  შემადგენელ ყველა  ნაწილს: ძვალს, ხრტილს, იოგებს, ცხიმოვან ქსოვილს, კუნთებს და სახსრის ამომფენ ქსოვილებს. დაავადებისთვის დამახასიათებელია  ხრტილის დეგრადაცია, შედეგად სახეზეა “ძვლის-ძვალთან” კონტაქტი, რაც იწვევს ძვლის დეფორმაციას, ტკივილს, სიმტკიცის და მობილობის შეცვლას.  


ოსტეოართროზი შესაძლოა  გამოვლინდეს  ნებისმიერ სახსარში, თუმცა  უფრო ხშირად გვხვდება ფალანგთაშუა, მუხლის, მენჯ-ბარძაყის  სახსრების ართროზი. დაავადება, როგორც წესი, ნელ-ნელა პროგრესირებს, თუმცა ტრავმის მიღებამ შეიძლება პროცესი დააჩქაროს.

ართროზის სიმპტომები

ართროზის სიმპტომები არ ვლინდება მოულოდნელად და მწვავედ, დაავადება დროთა განმავლობაში  ნელნელა  პროგრესირებს. ართროზის დიაგნოსტიკამდე გარკვეული პერიოდულობით ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

● სახსრის ტკივილი ფიზიკური აქტივობის  დროს ,ხანგრძლივი აქტივობის შემდეგ ან დღის ბოლოს

● სახსრის შებოჭილობა რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება  დილით  ან დასვენების შემდეგ

● მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა, რომელიც შეიძლება  ფიზიკური აქტივობის შემდეგ გაქრეს

● შეშუპება სახსრის ირგვლივ 

● კუნთების სისუსტე და ტკივილი დაზიანების მიდამოში

● სახსრის “ხრაშუნი” ( ჭრიალი) 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ართროზი?

● ასაკი - ართროზის განვითარების რისკი იზრდება ასაკთან ერთად, ძირითადად ვლინდება 50 წელს გადაცილებულ პირებში, თუმცა ხშირად გვხვდება უფრო ახალგაზრდა პოპულაციაშიც

● სახსრის დაზიანება და გადატანილი ტრავმა- ძვლის მოტეხილობა, ხრტილის ან იოგების მთლიანობის დარღვევა 

● სახსრის ინტენსიური რეგულარული დატვირთვა

● ჭარბწონიანობა - ამ დროს იზრდება სახსარზე სტრესი და ზეწოლა, გარდა ამისა ცხიმოვანი უჯრედები ხელს უწყობს ანთების განვითარებას

● გენეტიკა

● სქესი- ქალებში უფრო ხშირად ვლინდება  ვიდრე მამაკაცებში

● არარაციონალური კვება

● აუტოიმუნური დაავადებები

ართროზის მკურნალობა და რეაბილიტაცია

ართროზის სრულად განკურნება არ ხდება, მაგრამ მედიკამენტები, დამხმარე მოწყობილობები, ფიზიოთერაპია გვეხმარება პროცესის მართვაში. რაც გულისხმობს ,  დაავადების არსებულ ეტაპზე შენარჩუნებას , პროგრესირების გადავადებას და სიმპტომების შემსუბუქებას . თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, შესაძლებელია  ქირურგული ჩარევა, რომელიც გულისხმობს დაზიანებული სახსრის  ხელოვნური სახსრით ჩანაცვლებას. 

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ხელმისაწვდომია ტაბლეტების, სიროფების, გელის, კრემის ან საინექციო სახით. ისინია:

● ანალგეტიკები

● ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები 

● კორტიკოსტეროიდები 

ართროზის მკურნალობისთვის გამოიყენება ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია და ლაზეროთერაპია. მკურნალობის პროცესში შესაძლოა   გამოვიყენოთ PRP-თერაპია, რაც გულისხმობს თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციებს.