×

ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი ეხმარება პაციენტებს სხვადასხვა ფიზიკური, ნევროლოგიური თუ განვითარების სხვა დარღვევის მართვაში. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციალიზებულ მოვლასა და მხარდაჭერაში, დამოუკიდებლობის აღდგენასა და პაციენტების სრული პოტენციალის რეალიზებაში. რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პროცედურებს, რომლებიც შექმნილია მოტორული,კოგნიტური და სოციალური ფუნქციების გასაუმჯობესებლად. 


სარეაბილიტაციო პროცედურები ბავშვებისთვის

რეაბილიტაცია ბავშვებისათვის მოიცავს თერაპიებისა და ინტერვენციების ფართო სპექტრს, ყველაზე გავრცელებული პროცედურებია:

ფიზიკური თერაპია - ფოკუსირებულია მობილურობის,ძალისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე. თერაპია ტარდება ვარჯიშების,გაჭიმვისა და სხვადასხვა სპეციალიალური დამხმარე საშუალების მეშვეობით. 

ოკუპაციური თერაპია - ეხმარება ბავშვებს განივითარონ ისეთი ყოველდღიური უნარები, როგორიცაა ჩაცმა,ჭამა,წერა და სხვა. 

მეტყველების თერაპია - მეტყველების შეფერხების, ყლაპვის ან არტიკულაციის პრობლემების მქონე ბავშვებში უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას და ორალური ფუნქციების გაუმჯობესებას. 

ფსიქოლოგიური და ქცევითი თერაპია - მოიცავს ემოციური და ქცევითი სფეროს მართვას, რომლის პრობლემებიც შეიძლება წარმოიშვას ტრავმის, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ან განვითარების შეფერხების დროს. 

ჰიდროთერაპია - წყალზე დაფუძნებული ვარჯიშები აძლიერებს კუნთებს, ზრდის მოძრაობის დიაპაზონს და აქვს რელაქსაციის ეფექტი.

ბავშვებში გავრცელებული მდგომარეობები  და გამოყენებული სარეაბილიტაციო პროცედურები

ცერებრალური დამბლა - ნევროლოგიური დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს მოძრაობაზე, კუნთების ტონუსსა და ძალაზე. ამ დროს გამოყენებული თერაპიებია: ფიზიოთერაპია მობილურობისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად, ოკუპაციური თერაპია ყოველდღიური უნარების ასათვისებლად და მეტყველებითი თერაპია კომუნიკაციის სირთულეების დროს.

აუტისტური სპექტრის აშლილობა - გავლენას ახდენს კომუნიკაციაზე,ქცევასა და სოციალურ ინტერაქციაზე. რეაბილიტაცია მოიცავს ქცევით თერაპიას სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად, მეტყველებით თერაპიას კომუნიკაციის სირთულეებისას და სენსორული ინტეგრაციის თერაპიას. 

კუნთოვანი დისტროფია -  მდგომარეობაა, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესირებად სისუსტეს. მკურნალობა მოიცავს ფიზიოთერაპიას სიძლიერის შესანარჩუნებლად, დამხმარე ტექნოლოგიების ტრენინგს მობილობის მხარდასაჭერად და ჰიდროთერაპიას მოქნილობის გასაუმჯობესებლად. 

დაუნის სინდრომი - მდგომარეობა,  რომელიც გავლენას ახდენს კოგნიტურ უნარებსა და ფიზიკური ზრდის პროცესზე. რეაბილიტაცია მოიცავს მეტყველებით თერაპიას,ოკუპაციურ თერაპიას წვრილი მოტორიკის განსავითარებლად და ფიზიკურ თერაპიას სიძლიერისა, წონასწორობის, ბალანსის და კოოორდინაციის გასაუმჯობესებლად . 

ტვინის ტრავმული დაზიანება - შეუძლია გავლენა მოახდინოს მოტორულ უნარებზე, მეტყველებასა და კოგნიტურ ფუნქციებზე. რეაბილიტაცია მოიცავს კოგნიტურ თერაპიას და ფიზიოთერაპიას მოძრაობისა და კომუნიკაციის შესაძლებლობების აღსადგენად.

რეაბილიტაციის როლი დარღვევის მართვაში

ბავშვთა რეაბილიტაცია მულტიდისციპლინური სფეროა,რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების დახმარებას სხვადასხვა მდგომარეობის  დროს , რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მათი  ცხოვრების ხარისხი. ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა, მოიცავს ფიზიკურ თერაპიას,ოკუპაციურ,მეტყველების და ქცევით თერაპიას. თითოეული ბავშვისათვის მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის  დროული დაწყება,  დამხმარე საშუალებების გამოყენების დასწავლა და გარემო ფაქტორების ადაპტირება.