ძვლების ერთიანობა ადამიანის ორგანიზმისთვის მყარ ჩარჩოს - ჩონჩხს ქმნის, რომელიც იცავს შინაგან ორგანოებს და ორგანიზმის მთავარი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატია. ძვლოვანი დაზიანებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკა, გარემო ფაქტორები, კვების წესი და სხვა.
რა ტიპის ძვლოვანი დაზიანებები არსებობს?
დაზიანების ტიპის მიხედვით ძვლის სხვადასხვა დაავადებები არსებობს. რამდენიმე მათგანია:
● ოსტეოპოროზი - იწვევს ძვლის მასისა და მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას. იცვლება ძვლის სტრუქტურა, მცირდება მისი სიმტკიცე და იზრდება მოტეხილობების რისკი. ოსტეოპოროზით დაავადების რისკი ასაკთან ერთად იმატებს და დამახასიათებელია ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის.
● ოსტეოპენია - დამახასიათებელია ძვლის სიმკვრივის დაქვეითება გარკვეულ დონეზე. (თუ სიმკვრივე მკვეთრადაა დაქვეითებული, კლასიფიცირდება ოსტეოპოროზად). ქალებში 4 ჯერ ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
● პაჯეტის დაავადება - დარღვეულია ძვლის რემოდელირების პროცესი. (იგულისხმება ძველი ძვლოვანი ქსოვილის ახლით ჩანაცვლება). დაავადებას ახასიათებს ქრონიზაცია. ძვლების აღდგენის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც იწვევს უჩვეულო სტრუქტურის ძვლის ჩამოყალიბებას.
● ოსტეონეკროზი - იგივე ავასკულარული ნეკროზი, ახასიათებს ძვლის სისხლმომარაგების დარღვევა, რაც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის ნეკროზს (სიკვდილს). შეიძლება გართულდეს ძვლის დაშლით.
● ოსტეოართრიტი - ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ამ დროს მიმდინარეობს მწვავე ანთებითი პროცესი. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება მტევნის, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის მიდამოში.
● ოსტეომიელიტი - ძვლის ინფექციური, ანთებითი დაავადებაა. ძირითადად, გამოწვეული ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით. მეტად გავრცელებულია ბავშვებში.
● ოსტეომალაცია - ცნობილი როგორც ძვლის “დარბილება”. მეტაბოლური დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლის მინერალიზაცია დარღვეულია , რის შედეგად ძვალი კარგავს სიმკვრივეს
● რაქიტი - ძირითადად ბავშვთა ასაკისთვისაა დამახასიათებელი. როგორც წესი, პროცესი D ვიტამინის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. D ვიტამინის გარეშე ორგანიზმი ვერ ახერხებს ძვლის სწორი განვითარებისა და ზრდისთვის საჭირო ნივთიერებების: კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზებას.
რა იწვევს ძვლოვან დაზიანებებს?
ძვლოვანი დაავადების გამომწვევი მიზეზები თითოეული დაავადებისთვის სხვადასხვაა. ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
1. გენეტიკური წინასწარგანწყობა - ოჯახურ ისტორიაში ძვლოვანი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, განვითარების ალბათობა საკმაოდ დიდია.
2. ხანდაზმულობა - ასაკის მატებასთან ერთად, ძვლებში მინერალების შემცველობა იკლებს, შედეგად ძვლები ნაკლებად მკვირი და მყიფე ხდება.
3. კვება - დაბალანსებული კვება წინაპირობაა ჯანსაღი და ძლიერი საყრდენი სისტემის არსებობისა. ორგანიზმისთვის აუცილებელია კალციუმისა და D ვიტამინის საკმარისი ოდენობით მიღება.
4. ჰორმონალური ცვლის დარღვევა - გარკვეული ჰორმონების დისბალანსმა შეიძლება ძვლოვანი დაავადებების განვითარების რისკი გაზარდოს. მაგალითად, ესტროგენების ან პროგესტერონის დაბალი დონე ასოცირებულია ოსტეოპოროზის განვითარების მაღალ რისკთან.
5. ცხოვრების წესი- დაბალი ფიზიკური აქტივობა, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება და ა.შ
ძვლოვანი დაზიანებების მკურნალობა
მკურნალობა ინდივიდუალურია დაზიანების ტიპისა და ხარისხის მიხედვით. მაგალითად, ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის დროს მიზანია ძვლის “კარგვის” (გამოფიტვის) შეჩერება და მოტეხილობების თავიდან აცილება. ამიტომ მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს: ცხოვრების წესის შეცვლას, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას, დაცემის რისკების შემცირებას და მედიკამენტოზურ მკურნალობას.
ზოგიერთი მდგომარეობისას შესაძლებელია ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.
ძვლოვანი დაზიანებების სიმპტომების შესამსუბუქებლად და აღდგენითი პროცესის დასაჩქარებლად ექიმები რეკომენდაციას უწევენ ფიზიოთერაპიის გამოიყენებას