×

ხერხემალი ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძია. ის 33 მალისა და მალთაშუა დისკების ერთობლიობაა, რომელსაც სულ 5 სეგმენტი აქვს: კისრის, გულმკერდის, წელის, გავისა და კუდუსუნის. ხერხემლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ზურგის ტვინის დაცვაა. 

ხერხემლის პრობლემების გამომწვევი მიზეზი და რისკ ფაქტორი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი დაავადებები, ტრავმა, ანთება, ინფექცია, მემკვიდრეობით ფაქტორი, ასაკის მატებასთან დაკავშირებული დეგენერაციული პროცესები, ჭარბი წონა, კალციუმით ღარიბი საკვების მიღება, ხანგრძლივი და არასწორი ფიზიკური დატვირთვა და ა.შ. თანამედროვე სამყაროში, ხერხემალთან დაკავშირებული დაზიანებები, ძირითადად, გამოწვეულია სხეულის ხანგრძლივი არასწორი პოზით და არააქტიური ცხოვრების წესით.

ძირითადად, გავრცელებული პრობლემებია:

მალთაშუა დისკის თიაქარი

ხერხემლის მალებს შორის რბილი, ჟელესმაგვარი ნივთიერება - მალთაშუა დისკია. ის ხერხემალს ანიჭებს მოქნილობას და ასრულებს ამორტიზატორის როლს. თიაქარი, დაზიანებული მალთაშუა დისკის, მისი ადგილმდებარეობიდან მთლიანი ან ნაწილობრივი გამოსვლაა. ის შეიძლება განვითარდეს ხერხემლის ნებისმიერ სეგმენტში, თუმცა, მეტად ხშირია კისრისა და წელის არეში. თუ თიაქარი ახლომდებარე ნერვის ფესვს არ აწვება, მაშინ უსიმპტომოდ მიმდინარეობას. სხვა  შემთხვევაში მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ხერხემლის გარკვეული სეგმენტის ტკივილი, კიდურების ტკივილი, დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე და ა.შ. 

სქოლიოზი - განივი ღერძის მიმართ ხერხემლის გამრუდებაა. ამ დროს ხერხემლის ღერძი შესაძლებელია S ან C მსგავსად იყოს მოდრეკილი. სქოლიოზს შესაძლოა თან ახლდეს მხრების ან თეძოების ასიმეტრიულობა, თავის ცენტრალური მდებარეობის დაღვევა, პოზის ცვლილება და ხერხემლის ტკივილი. 

ოსტეოპოროზი - მოზრდილებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის ხასიათდება ძვლოვანი მასის შემცირებით, ძვლების სიმყიფის ზრდითა და მოტეხილობების განვითარების სიხშირით. ოსტეოპოროზი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ “ჩუმ დაავადებასაც” უწოდებენ, თუმცა პროგრესირებასთან ერთად ვლინდება შემდეგი სიმპტომები: წელის ტკივილი, ადვილად დაღლა, ყრუ ტკივილი ზურგის არეში, სახსრების ტკივილი (რომელიც ერთ კონკრეტულ პოზაში ყოფნისას იმატებს, დაწოლისას კი ქრება).

      დაავადების პრევენცია შესაძლებელია ფიზიკური აქტივობით, კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებით.

ოსტეოქონდროზი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მალთაშუა დისკების გამრუდებასა და სახსრების დეფორმაციას, კალციფიკატების წარმოქმნასა და მალთაშუა სივრცის შევიწროებას. ეს ყველაფერი, უმეტესად კუნთების ტონუსის შემცირებასთანაა კავშირში. ოსტეოქონდროზის ძირითადი სიმპტომი მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე გადაცემითი. სხვა კლინიკური ნიშნები დაზიანების ადგილმდებაორებაზეა დამოკიდებული. 

დისკოპათიები, ასევე ცნობილი როგორც - დისკის დეგენერაციული დაავადება, ამ დროს მიმდინარეობს  მალთაშუა დისკების პათოლოგიური ცვლილებები. ტერმინში ერთიანდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: მალთაშუა დისკის თიაქარი, ხერხემლის სტენოზი, სპონდილოლისთეზი. დისკების გადაგვარება ხშირია 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში. დაავადება თავდაპირველად უსიმპტომოა, დაავდების პროგრესირებას თან ახლავს ტკივილი. რისკ ფაქტორებია: ტრავმა, ჭარბი წონა, მწეველობა, ფიზიკური დატვირთვა.

თერაპია ხერხემლის პრობლემების დროს

ხერხემლის მკურნალობა დამოკიდებულია პრობლემის სპეციფიკურობაზე. მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული. მედიკამენტური მკურნალობა  და ფიზიოთერაპია მკვეთრად აუმჯობესებს მდგომარეობას. ძირითადი   თერაპიები, რომლებიც გამოიყენება ხერხემლის პრობლემების სამკურნალოდ არის:

ულტრაბგერითი თერაპია

ელექტრო-იმპულსური თერაპია

მაგნიტოთერაპია

ტრაქცია

სამკურნალო ვარჯიში