×

ნერვ-კუნთოვანი დაავადებებისას ზიანდება ნერვები, მათი საშუალებით კონტროლდება სომატური ნერვული სისტემა და იგზავნება ინფორმაცია აფერენტულად ცენტრალური ნერვული სისტემისკენ.

ნერვული უჯრედები (ნეირონები) იღებენ და აგზავნიან ელექტრულ სიგნალებს, რისი საშუალებითაც  შესაძლებელია ნებაყოფლობითი მოძრაობის განხორციელება. როდესაც ნეირონები ზიანდება, ნერვულ სისტემასა და კუნთებს შორის კავშირი ირღვევა,  შედეგად კუნთი სუსტდება და ატროფირდება. ნერვ-კუნთოვანი დაავადებებისათვის დამახასიათებელია კუნთების სისუსტე და დაღლილობა, რომელიც დროთა განმავლობაში ნელ-ნელა პროგრესირებს. 

რა ტიპის ნერვ-კუნთოვანი პრობლემები არსებობს? 

ნერვ-კუნთოვანი პრობლემები 4 ძირითად ჯგუფად კლასიფიცირდება:

მოტორული ნეირონის დაზიანებები

ნეიროპათიები

ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევები

მიოპათიები, მათ შორის კუნთოვანი დისტროფია

ზოგიერთი მათგანია:

ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ALS) - მოტორული ნეირონების დაზიანებაა. იწვევს თავისა და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედების პროგრესირებად გადაგვარებას. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ცნობილი ბეისბოლის მოთამაშის- ლუ გერიგის დაავადებას. 

მრავლობითი სკლეროზი (MS)- ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული, აუტოიმუნური, არაპროგნოზირებადი დაავადებაა. MS  ზოგიერთ პაციენტს  შეიძლება მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდეს, სხვებმა კი შეიძლება დაკარგონ მკაფიო ხედვის, წერის, საუბრის ან სიარულის უნარი.

კუნთოვანი დისტროფია - გენეტიკური დაავადებების ჯგუფია, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესირებად სისუსტეს. ზოგი სახის კუნთოვანი დისტროფიის სიმპტომები ადრეული ასაკიდან ვითარდება, ზოგი კი მოზარდობისას იჩენს თავს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ძირითადად 3 დან 6 წლამდე ბავშვებში არის ხშირი, ის დისტროფიების ყველაზე გავრცელებული ფორმაა და სწრაფად განიცდის პროგრესირებას.  ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის სიმპტომები, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ის ხშირად 20 წლის ასაკიდან იწყება და საკმაოდ ნელა განიცდის პროგრესირებას. 

მიასთენია გრავის- ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, ამ დროს ძირითადად  ზიანდება  თვალის, პირის, ყელისა და კიდურების კუნთები. 

მიოზიტი - დაავადების იშვიათი ჯგუფია, ხასიათდება კუნთების ანთებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ხანგრძლივი დაღლილობა და სისუსტე. ჯგუფში შედის აუტოიმუნური დარღვევები: იუველინური მიოზიტი, პოლიმიოზიტი და დერმატომიოზიტი.ამ დაავადებებმა, რომელთაც ხშირად ანთებით მიოპათიებსაც უწოდებენ, შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც პაციენტის კუნთებზე, ასევე შინაგან ორგანოებსა და კანზე. 

რა იწვევს ნერვ-კუნთოვან დაზიანებებს?

ნერვ-კუნთოვანი დაზიანებების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

გენეტიკური მუტაციები

ინფექციები

აუტოიმუნური დაავადებები

ჰორმონალური დარღვევები

მეტაბოლური დარღვევები

ნერვ-კუნთოვანი დაზიანებების მკურნალობა

ნერვ-კუნთოვანი დაავადებების პროგრესირების შეჩერება ძალიან რთულია. მკურნალობის ძირითადი მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, პროგრესირების შენელება და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ეს ყველაფერი მიიღწევა მედიკამენტებით, ქირურგიული ჩარევით ( საჭიროების შემთხვევაში), ოკუპაციური თერაპიითა და ფიზიკური თრეაპიით.