ტენდინიტი-ტენდინოპათია მყესის ანთებითი დაავადებაა. მყესი, ძვლებისა და კუნთების დამაკავშირებელი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია. ტენდინიტი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული.
დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ უბანში, სადაც ძვალ-კუნთოვანი კავშირებია, თუმცა ყველაზე გავრცელებული ადგილებია:
● ცერა თითის მიდამო;
● იდაყვი;
● მხარი;
● ბარძაყი;
● მუხლი;
● აქილევსის მყესის მიდამო.
ტენდინიტი-ტენდინოპათიის სიმპტომები
● ტკივილი - ტენდინიტის სადიაგნოსტიკო მნიშნელოვანი სიმპტომია. ტკივილი შეიძლება პროგრესირებდეს, ან იყოს მწვავე და ძლიერი;
● დაზიანებული ადგილის შეშუპება;
● ადგილობრივად კანის სიწითლე და ტემპერატურის მომატება;
● სახსრის მოძრაობის შეზღუდვა;
● ტკივილი შეხებისას;
● სახსრის მოძრაობისას “ხრაშუნის” ან გახეხვის შეგრძნება;
● მოძრაობის ამპლიტუდის შემცირება.
ძირითადად რამ შეიძლება გამოიწვიოს ტენდინიტი-ტენდინოპათია?
ტენდინიტი-ტენდინოპათიის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
● სახსრის ხშირი, ინტენსიური განმეორებითი მოძრაობები;
● სახსრის დაძაბვა, დაჭიმვა;
● ტრავმა.
ტენდინიტი-ტენდინოპათიის მკურნალობა
> ტენდინიტის სამკურნალოდ გამოიყენება კლასიკული “RICE” თერაპია, რაც გულისხმობს:
● Rest- დაზიანებული ადგილის დასვენება- არ დატვირთოთ დაზიანებული ადგილი 24-48 სთ ის განმავლობაში;
● Ice - ცივი კომპრესიები 10 წთ-ის განმავლობაში, ყინულის უშუალოდ კანზე მოთავსება არ არის რეკომენდირებული(სასურველია იყოს ბარიერი კანსა და ყინულს შორის, მაგალითად თხელი ქსოვილი);
● Compression- დაზიანებული ადგილის ელასტიური ბინტით კომპრესია;
● Elevation - დაზიანებული ადგილის ამაღლებულ პოზიციაში მოთავსება;
> მწვავე ტკივილის კუპირებისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები.
> ანთებითი პროცესის რეგრესთან ერთად რეკომენდირებულია ვარჯიშები სახსრის ირგვლივ კუნთების გასაძლიერებლად. ვარჯიშის წინ აუცილებელია გახურება,შემდეგ შესაძლებელია მსუბუქი სიმძიმეების აწევა ან ელასტიური სავარჯიშო რეზინის გამოყენება.
> რეაბილიტაციის დასაჩქარებლად და ძალების სწრაფი აღდგენისთვის ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა თერაპიები.
PRP თერაპია- თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექცია მყესების დაზიანებისას ეფექტური სამკურნალო საშუალებაა. ის მინიმალურად ინვაზიური პროცედურაა, ამცირებს შეშუპებას და ხსნის ტკივილებს.
ულტრაბგერითი თერაპია - აუმჯობესებს დაზიანებულ ადგილას სისხლმომარაგებასა და ლიმფის მიმოქცევას, აქვს ანთებითი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ააქტიურებს რეგენერაციულ მექანიზმებს.