×

სახსრებში დისკომფორტი და ტკივილი ექიმთან მიმართვის ხშირი მიზეზია. უმეტესად გამოხატულია მტევნის, ტერფის, მენჯ-ბარძაყის, მუხლის სახსარში ან ხერხემლის მიდამოში. ტკივილი შეიძლება მუდმივი ან მოვლითი ხასიათის იყოს. გარდა ტკივილისა, სახსრის პრობლემებისთვის დამახასიათებელია მოძრაობის შეზღუდვა.

სახსრების ტკივილის რისკ ფაქტორებია:

სახსრის ტრავმა;

ართრიტი;

ჭარბი წონა;

ასაკი;

არასწორი ფიზიკური დატვირთვა და სხვა.

რა იწვევს სახსრების ტკივილს?

სახსრების ქრონიკული ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

ოსტეოართრიტი - ართრიტის გავრცელებულია ტიპია, დამახასიათებელია  სახსრის ყველა შემადგენელი ნაწილის მორფოლოგიური ცვლილებები, პირველ რიგში კი ხრტილის. კლინიკურად სახეზეა სახსრის ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა;

რევმატოიდული ართრიტი - ქრონიკული დაავადებაა, იწვევს სახსრების შეშუპებასა და ტკივილს. დამახასაითებელია სახსრების დეფორმაცია;

პოდაგრა - ახასიათებს შარდმჟავას კრისტალების ჩალაგება სახსარში. სახსარი არის მტკივნეული და განიცდის დეფორმაციას. ჩვეულებრივ წარმოდგენილია ფეხის ცერა თითზე;

ვირუსული ინფექციები;

ტენდინიტი  და სხვა.

სახსრების ტკივილის მკურნალობა და რეაბილიტაცია 

სახსრების ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. ზოგ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია ყოველდღიური მარტივი ვარჯიშებით. სხვა დროს, ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს პრობლემებზე, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ ჩარევას. 

ექიმები სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად ხშირად რეკომენდაციას უწევენ ფიზიკურ თერაპიას, რაც აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს: 

ულტრაბგერითი თერაპია - აუმჯობესებს სისხლმომარაგებას, ააქტიურებს აღდგენით პროცესებს;

ელექტროთერაპია - აძლიერებს კუნთების ტონუსს, ზრდის სისხლმომარაგებას. აქვს ანთების საწინააღმდეგო, აღდგენისა და რეგენერაციის ეფექტი;

ლაზეროთერაპია  -  გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება , ააქტიურებს უჯრედის მეტაბოლიზმსა და მიკროცირკულაციას;

მაგნიტოთერაპია -  გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.